ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ საქმეზე დაკავებული პეტრე ყუფარაძე მათი ოჯახის ახლობელია, ამიტომ “ზღაპარია”, მისი დანაშაული გამსახურდიას დაჭრის საქმეზე.
რაც შეეხება გამოძიებას, ჯაბაური ამბობს, რომ ბრალდებულთა რიცხვი უნდა შეიცვალოს.
“ბრალდებულთა რიცხვი უნდა შეიცვალოს. რაც შეეხება პეტრე ყუფარაძეს, მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება უსამართლოა. სწორედ ყუფარაძემ გადაარჩინა ცოტნე”- აცხადებს ცოტნე გამსახურდიას ცოლი.
ანა ჯაბაური ამბობს, რომ საქმეში ორი ცივი იარაღი ფიგურირებს.
“იყო დანა, ყავარჯენიც, ბლაგვი საგანიც. ერთი ადამიანი ამდენ იარაღს ვერ დაიჭერდა”- თქვა ჯაბაურმა.
მისივე ინფორმაციით, საქმეზე დაკებებულებს კრიმინალური წარსული აქვთ:
“ერთი გერმანიაში იხდიდა სასჯელს, ერთი საფრანგეთში, მესამე ორჯერ იყო პატიმრობაში საქართველოში. ცოტნეს ერთი ადამიანი ვერ მოერეოდა”, -განაცხადა ანა ჯაბაურმა.
რაც შეეხება დაჭრილის მდგომარეობას, ანა ჯაბაური ამბობს, რომ ცოტნე გამსახურდია კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება:
„პირველი 72 საათი იყო კრიტიკული და მნიშვნელოვანი. ასე რომ, მდგომარეობა ნელ-ნელა იმედისმომცემი ხდება და ცოტა ამოვისუნთქეთ. ისევ მართვით სუნთქვაზეა. ორ სამ დღეში კომპიუტერული ტომოგრაფია ჩატარდება და გადაწყდება ცოტნეს გაღვიძების თაობაზე. ისიც მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი მეგობარი და კოლეგა აშშ დან ჩამოვიდა სპეციალურად ცოტნესთვის, ის არის ნიუ იორკში ცნობილი რეანიმატოლოგი, დეპატრამენტის უფროსი და ახლა კოლეგებთან ერთად გავივლით ცოტნეს ჯანმრთელობის შესახებ ყველაფერს“ ,- განაცხადა ანა ჯაბაურმა.
ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს, ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.
დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე ქვათაძეს კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.