ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა მოქალაქეებს დღეიდან შეეძლებათ. რეაბილიტირებული ბაღის ოფიციალური გახსნა კი იანვარში იგეგმება.
ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაციისთვის 11 974 436 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია “ჯავა” ახორციელებს, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 70%-ის გადახდა ზუგდიდს საკუთარი სახსრებით მოუწევს. ამ თანხის 50% მერიამ 11%-იანი სესხის სახით, მსოფლიო ბანკიდან აიღო, ხოლო დანარჩენი მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან გამოყო. რაც შეეხება დანარჩენ 30%-ს, მერიამ ის გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღო.
კომენტარები