საახალწლო პროგრამის ფარგლებში, ზღვის უბანში საბავშვო გასართობი ღონისძიება და კონცერტი გაიმართა.
დღის პირველი ნახევარი საბავშვო პროგრამას დაეთმო. პატარების სადღესასწაულო განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ. დღის მეორე ნახევარში კი სტუმრების წინაშე საახალწლო რეპერტუარით ქართველი მომღერლები წარდგნენ. კონცერტში მონაწილეობდნენ სოფო ბათილაშვილი, ნინი გველესიანი, ნუცა თოფურია და ბენდი „ნიუტონი“.
ღონისძიებას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად დაესწრო.
„გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ვისურვებდი, რომ 2020 წელი ბედნიერი და წარმატებული იყოს თითოეული მოქალაქისთვის. საახალწლო განწყობა გვქონდა დღეს ზღვის უბანში. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა. პროგრამა განკუთვნილი იყო, როგორც პატარებისთვის, ასევე, უფროსებისთვის. გვქონდა საბავშვო კონცერტიც და დღის მეორე ნახევარში უკვე ძირითადი საახალწლო კონცერტი გაიმართა. სკვერში მოსულმა სტუმრებმა ნამდვილად ისიამოვნეს და პატარებიც გახალისდნენ“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
ზღვის უბანში საახალწლო კონცერტი ფოირვერკით დასრულდა.