რუსულ გამოცემა «Российская газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის – მინდია გულუას წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის გარემოებები, რომელიც ქალაქ კრასნოდარში (ყუბანი), ჩეკისტების გამზირზე 23 აგვისტოს მოხდა. „ეს მესამე თავდასხმაა და ამჯერადაც მინდია გულუა, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული, ცოცხალი გადარჩა. „ქილერმა ესროლა, შემდეგ ავტომანქანაში ჩაჯდა და შემთხვევის ადგილს სწრაფად გასცილდა. მოგვიანებით პოლიციამ ავტომობილს მიაგნო, მაგრამ მას ცეცხლი ეკიდა და იწვოდა. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ მასში იარაღი და საბრძოლო მასალები იპოვეს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური გენი).
მინდია გულუა პოლიციამ განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აიყვანა.
როგორ ღია წყაროებიდანაა ცნობილი, მინდია გულუა ყუბანში 4 კომპანიის მფლობელია, მათ შორისაა „ბორჯომი-ცენტრი“, რომელიც მინერალური წყლით და სასმელებით ვაჭრობს. მინდია გულუა სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საქართველოს სახელით“ თავმჯდომარეცაა. საქართველოში მინდია გულუას ოპოზიციონერ პოლიტიკოსად იცნობენ. ითვლება, რომ იგი არის დამფუძნებელი პარტიისა „განახლებული საქართველოსთვის“.
———
კრასნოდარის გამოცემა „იუგა“ აქვეყნებს ბიზნესმენის ფინანსურ მონაცემებს და ბიოგრაფიას: მინდია გულუა სოხუმში 1969 წელს დაიბადა მშენებლის ოჯახში. ჯერ სწავლობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, ეკონომისტის სპეციალობით. 1994 წლიდან კრასნოდარში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მისი კარიერა წარმატებით განვითარდა… იქვე მიიღო იურისტის სპეციალობაც, კრასნოდარის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ.
სტატიაში ჩამოთვლილია მინდია გულუას საკუთრებაში არსებული კომპანიები და სხვა ქონება, მათ შორის აღნიშნულია, რომ იგი ფლობს საქართველოს კალათბურთის გუნდ „სოხუმს“, რომელმაც საკმაო წარმატებებს მიაღწია.
მინდია გულუას, მეწარმეობასთან ერთად, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მიზნებიც აქვს: 1998 წელს იგი კრასნოდარის საკანონმდებლო კრების დეპუტატობის კანდიდატი იყო, 2000 წელს კი უსტ-ლაბინსკის მერობაც სურდა. 2008-2010 წლებში მინდია გულუა კრასნოდარის რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის – ქართული თემის „ივერიის“ თავმჯდომარეც იყო: იმ პერიოდში იგი ქართულ-რუსული ურთიერთობების განახლების აუცილებლობაზე საუბრობდა, განზრახული ჰქონდა რუსეთისა და საქართველოს მთავრობებისათვის მიმართვა გაგეგზავნა, რათა რუსეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონოდათ.
საქართველოში ბიზნესმენ მინდია გულუას თავისი ინტერესები აქვს: იგი სამშობლოში ოპოზიციონერ პოლიტიკოსადაა ცნობილი. 2011 წლის ნოემბერში, თბილისში გაიმართა ოპოზიციური პარტია „განახლებული საქართველოს“ დამფუძნებელი ყრილობა, რომელსაც შემდგომ სახელი შეეცვალა და ეწოდა „განახლებული საქართველოსთვის“. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარედ მისი და – ნანა გულუა, თსუ-ს სოხუმის ფილიალის ინფორმატიკის პროფესორი აირჩიეს. თვითონ მინდია გულუა პარტიაში საერთაშორისო საკითხებში მრჩევლის როლს ასრულებს. „ჩვენი პარტიის მიზანია საქართველოს გამთლიანება და მის შემადგენლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება“, – ამბობს ნანა გულუა. მისი თქმით, პარტია მხოლოდ მისი ძმიერ შემოწირულებების ხარჯზე არსებობს. სხვათა შორის, მიმდინარე წელს შემოწირულებები ძალიან ცოტაა.
2012 წლის ივნისში მინდია გულუამ ქართულ მასმედიაში ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც მან საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისაკენ მოუწოდა. მან განაცხადა, რომ საჭიროა მეტი ყურადღება დაეთმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას ერთიანი ქართული სახელმწიფოს სივრცეში. მინდია გულუას აზრით, მიხეილ სააკაშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტია. აღსანიშნავია, რომ ქართული მასმედიის ცნობით, იმ ხანებში მინდია გულუასა და ბიძინა ივანიშვილს შორის გარკვეული დაპირისპირება მოხდა. ბიზნესმენს ადრეც ხშირად უთქვამს, რომ მას მტრები არ ჰყავს: „მინდია გულუა თვითონაც ვერ ხვდება, თუ ვინ შეიძლება იყოს მისი მტერი. მას ეჭვი ვერავისზე ვერ მიაქვს“, – ამბობდა მეორე თავდასხმის დროს სამხარეო პროკურატურის გამომძიებელი. ალბათ, იმედი უნდა გვქონდეს, რომ მინდია გულუა ამჯერად მაინც დაასახელებს თავდასხმის დამკვეთებს. ან არ დაასახელებს.
http://www.newspress.ge/