16 თებერვალს გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მ.კ-ს გუშინ ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი. 39 წლის მამაკაცი, რომელიც 28 წლის თაზო გორთამაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, ყოფილი სამხედრო და აგვისტოს ომის მონაწილე. როგორც კადრებიდან ირკვევა, მ.კ.-ს რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს და მის ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა რა უძღოდა წინ ფიზიკურ დაპირისპირებას, უცნობია.
სოციალურ ქსელში გავრცელდა მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლის, ნატა ქიტესაშვილის პოსტი, რომელშიც ის წუხილს გამოთქვამს მომხდარის გამო და წერს, რომ მისი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა ამ ტრაგედიამ:
“თაზოს ფოტოები ვნახე და…მოვკვდი… საშვილიშვილო ცოდვა დაადებინა ჩემს ქმარს… გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს.
თქვენ გგონიათ მერაბი რომ გამოვიდეს ციხიდან, ამ ბიჭის ცოდვა ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალებას მისცემს?! არა და არა!
ხო, მეც მომიკლეს ქმარი! ის ისეთი ვერასოდეს იქნება როგორიც ადრე იყო! ისეთი ლაღი და მხრებში გაშლილი…
ქათამს ვერ კლავდა ეს მთასავით კაცი და კაცის მოკვლა მისთვისაც სიკვდილის ტოლფასია, დამიჯერეთ.
ავღანეთში ერთი ჯარისკაცი აუფეთქდა ნაღმზე, თვეები არ ეძინა, სულ გიორგი ედგა თვალწინ, ის ბიჭი არ მომკვდარა გადარჩა, მაგრამ ინვალიდი დარჩა და სულ მასზე დარდობდა, ლოცულობდა, კითხულობდა მის ამბავს… არ მოასვენებს არასდროს თაზოზე დარდი!” – წერს მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე.