პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა მამაკაცმა ცოლს – რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ლატვიის მოქალაქე – 1987 წელს დაბადებული დ. გ. დააკავეს. მას ბრალი ედება ოჯახში ძალადობაში, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარასა და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობაში.
დანაშაულები თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ცოლს – რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, 1980 წელს დაბადებულ ო.ბ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ასევე, დ.გ. სისტემატურად მიდიოდა ო.ბ.-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში და მასთან ამყარებდა ვერბალური კომუნიკაციას, რითაც იგი არღვევდა მეუღლის მიმართ მის მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობისა და მუქარის, ასევე, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.