ესტონეთი რუსეთის შესაძლო სამხედრო შეჭრისა და ოკუპაციის შემთხვევისთვის სახელმწიფო მმართველობისა და საჯარო სერვისების უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას ქმნის, – ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.
ახალი სტრატეგია ითვალისწინებს სახელმწიფო სერვისების ღრუბლოვან პლატფორმებზე გადატანას იმ შემთხვევისთვის, თუ სამხედრო თავდასხმის შედეგად მონაცემთა დამუშავების ცენტრები განადგურდება ან მათი ფუნქციონირება შეუძლებელი გახდება. როგორც გამოცემას სტრატეგიის ერთ-ერთმა ავტორმა, ესტონეთის იუსტიციისა და ციფრული ტექნოლოგიების სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ტინუ გრუნბერგმა განუცხადა, ტალინი ემზადება სცენარისთვის, როდესაც ქვეყანაში არსებული ციფრული ინფრასტრუქტურა ვეღარ იმუშავებს.
ესტონეთის იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის მრჩევლის, ალან ალმერეს განცხადებით, ქვეყნის მიზანია ისეთი სისტემების შექმნა, რომლებიც ნებისმიერი მასშტაბის კრიზისს გაუძლებს.
„იდეალურ შემთხვევაში, გვსურს, შევქმნათ სისტემები, რომლებიც ყველა შესაძლო კრიზისს გაუძლებს, თუმცა რეალურად ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ყველა რისკის წინასწარ განსაზღვრას ან აღმოფხვრას. ყველაზე მძიმე სცენარების შემთხვევაში აუცილებელია, შევინარჩუნოთ საიმედო საფუძველი, რომელზეც ესტონეთის ციფრული სახელმწიფოს აღდგენას შევძლებთ“, – აცხადებს ალმერე.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ესტონეთის მთავრობა დაცულ აპლიკაციებს ქმნის Microsoft Azure-ისა და Amazon Web Services-ის ღრუბლოვან პლატფორმებზე. პარალელურად ვითარდება სახელმწიფოს საკუთარი ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურაც.
ცნობისთვის, ესტონეთს უკვე აქვს სახელმწიფო მონაცემების სარეზერვო ასლები ლუქსემბურგში მდებარე ე.წ. ციფრულ საელჩოში. იქ ინახება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის, მოქალაქეთა მონაცემები, მიწის რეესტრი და ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა. ამავე დროს, ესტონეთი რუსეთთან საზღვრის სრულად ჩაკეტვას გეგმავს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, სამივე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი პირველი დეკემბრიდან დაიხურება. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 14 ნოემბერს ესტონურ სამხედრო კომპანიაზე, Threod Systems-ზე დივერსიის მცდელობა. ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, თავდასხმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის დაკვეთით მზადდებოდა. დაკავებულია რვა ადამიანი. „როიტერის“ ცნობით, მოსკოვი დივერსიულ ოპერაციებში მონაწილეობას უარყოფს.
