ბრიტანელი დიპლომატი, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი გამოცემა Responsible Statecraft-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ევროკავშირის პოზიციის გამო ეუთო თავის 51-წლიან ისტორიაში პირველად შესაძლოა 2027 წელს თავმჯდომარე ქვეყნის გარეშე შეხვდეს.
პრაუდის შეფასებით, თურქეთი არ მოხსნის ვეტოს კვიპროსის კანდიდატურაზე, რის გამოც ერთადერთ ალტერნატივად რჩება საქართველო, რომლის განხილვასაც ევროკავშირის 14 ქვეყანა ბლოკავს.
დიპლომატი ხაზს უსვამს, რომ ამ პირობებში თბილისის კანდიდატურის შეფერხება ორგანიზაციას პარალიზებით ემუქრება და ევროპელებს მოუწოდებს, კრიზისის თავიდან ასაცილებლად საქართველოს მიმართ წინააღმდეგობა მოხსნან.
პრაუდი საქართველოს სასარგებლოდ შემდეგ არგუმენტებს ასახელებს:
საქართველომ მიმდინარე წლის აპრილში ყოველგვარი გართულებების გარეშე გადაიბარა ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეობა;
ევროკავშირთან არსებული უთანხმოებების მიუხედავად, საქართველოს თავმჯდომარეობას არ ეწინააღმდეგებიან არც უკრაინა, არც რუსეთი, არც აშშ და არც რეგიონის ქვეყნები.
პრაუდის დასკვნით, როდესაც თბილისის კანდიდატურას არც კიევი ბლოკავს და არც მოსკოვი, ევროპის მხრიდან პროცედურული ბარიერების შექმნა ეუთოს ღრმა კრიზისში ჩააგდებს.
„სწორედ ის რთული გეოპოლიტიკური ბეწვის ხიდი, რომელზე გავლაც საქართველოს რუსეთთან მიმართებით უწევს, აქცევს მას ეუთოს კარგ თავმჯდომარედ. მართლაც, მიმდინარე წლის აპრილში საქართველომ ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეობა გადაიბარა და თანაც ყოველგვარი თანმდევი დრამის გარეშე.
საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას ეკონომიკური ზრდისა და რეფორმების შთამბეჭდავი შედეგები აქვს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას ხელმძღვანელობისთვის საჭირო ინსტიტუციური რესურსი და სანდოობა აქვს. ურთიერთობებში არსებული სირთულეების მიუხედავად, ის კვლავ რჩება ევროკავშირში მომავალი წევრობის ერთგულ ქვეყნად, რაც პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის გაფართოების ბოლო სამიტზეც დაადასტურა“, – წერს პრაუდი.
მისივე თქმით, საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებში ბოლო წლებში არსებული დაძაბულობა – კერძოდ, 2022 წლიდან რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების არმიერთება, სწორედ 2008 წლის დამანგრეველი ომისა და ტერიტორიების დაკარგვის მძიმე გამოცდილებითაა განპირობებული.
„აზრი იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის მოკავშირეა იმის გამო, რომ უარს ამბობს საკუთარი თავი კიდევ ერთი დამანგრეველი ომის რისკის ქვეშ დააყენოს, გულწრფელად რომ ვთქვათ, სასაცილოა. საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები კვლავ არ აქვს. ომთან დაკავშირებით მისმა ფრთხილმა პოზიციამ ის ზოგჯერ უკრაინის მთავრობასთან დააპირისპირა. და მაინც, უკრაინა არ ეწინააღმდეგება საქართველოს განაცხადს ეუთოს თავმჯდომარეობაზე. არც შეერთებული შტატები, კანადა, რუსეთი, საქართველოს უშუალო მეზობლები და არც ცენტრალური აზიის მონაწილე სახელმწიფოები“, – აღნიშნავს პრაუდი.
მისივე მოსაზრებით, უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის გამო ევროპის კრიტიკა საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობის საკითხთან არაფერ შუაშია. ორგანიზაცია 1975 წელს სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ყოფილიყო „დიდი კარავი“ დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგისთვის – იქნება ეს რუსეთი და უკრაინა, სომხეთი და აზერბაიჯანი თუ თურქეთი და კვიპროსი.
