“თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გიორგობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პატრიარქმა მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.
„გილოცავთ გიორგობას. ეს არის ჩვენი ეროვნული დღესასწაული. ეს არის მფარველი საქართველოსი. ეს დღესასწაული მუდამ იყო დიდი ეროვნული დღესასწაული საქართველოში, საზეიმოდ აღინიშნებოდა ჩვენს ოჯახში, რადგან მამაჩემს ერქვა გიორგი. ეკლესიიდან ამოჰყავდა მათხოვრები, პირველი მაგიდა იშლებოდა მათხოვრებისთვის. ჩვენ ვსხდებოდით მათხოვრებთან ერთად და აღვნიშნავდით გიორგობას. დიდი ზეიმი იყო. იმედის დღესასწაულია. მე მატყობინებენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში დაკეტილია ტაძრები და მონასტრები. ხალხი იძულებულია, წავიდეს სოფლებში და იქ ილოცოს, იქ დაესწროს წირვას. ჩვენ, დაე, სოფლად ვართ აქა. დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისთვის.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ განიცდის ჩვენთან ერთად. ჯვარი გეწეროთ. ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ მწუხარება ჩვენი სიხარულად გადაიქცეს.
ნუ დაგავიწყდებათ, სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, სეფისკვერი და უნდა გქონდეთ საკმეველი, ყოველდღიურად უნდა დააკმიოთ, ასხუროთ თქვენს სახლსა და კარმიდამოს. ეს დიდი ძალას მოგცემთ. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა გაგახაროთ. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა ილია მეორემ.