ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ბიულეტენების 99.66%-ის დათვლის შემდეგ ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა. იოტოვამ ხმების 57.66% მიიღო. მისმა მეტოქემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი გიუროვმა კი — 39.38%.
ილიანა იოტოვა ბულგარეთის ისტორიაში არჩევნების გზით არჩეული პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. როგორც იოტოვამ განაცხადა, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ გიუროვი მას ტელეფონით დაუკავშირდა და გამარჯვება მიულოცა.
„დღეს ბულგარელმა ხალხმა წარსულის ნაცვლად მომავალი აირჩია; მათ მშვიდობა აირჩიეს. მათ აირჩიეს სტაბილურობა, ნორმალური ცხოვრება და მდგრადი, მკაფიო გზა წინსვლისკენ. ბულგარეთის მოქალაქეებს ვესაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. დღეს გამოჩნდა, რომ მათ გაიგეს ჩვენი გზავნილი. ცოტა ხნის წინ ბატონმა გიუროვმა დამირეკა და გამარჯვება მომილოცა. მან გამოთქვა რწმენა, რომ ღირსეული პრეზიდენტი ვიქნები, ისეთი, ვინც ყველასთან დიალოგის დამყარებას შეძლებს“, — განაცხადა იოტოვამ.
ცნობისთვის, ბულგარეთში პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ.
