ოპოზიციის ლოგიკით, თურმე უცხოელი პარტნიორების შუამავლობით გამართულ შეხვედრებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა პოლიტპატიმრები აღიარეს, რაც სისულელეა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
„თითქოს, ჩვენმა წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით აიღეს თავის თავზე რაღაც პასუხისმგებლობა და ლაპარაკობდნენ პრეზიდენტის, სასამართლოს თუ პროკურატურის მაგივრად და ამას უსმენდნენ ჩვენი პარტნიორები და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები.
მე მესმის დიპლომატიური კორპუსის უხერხულობა და ძალიან დიდი ბოდიში, თუ შეექმნათ ეს უხერხულობა, მაგრამ ამდენი სპეკულირება, ტყუილი არ შეიძლება და მათ უნდა დაუსვან წერტილი იმით, რომ თქვან, რა იყო იქ სინამდვილეში და იყო თუ არა თანხმობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მხრიდან, იქედან გამომდინარე, რომ ისინი იყვნენ ამ შეხვედრის მონაწილეები“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიციას მოუწოდა, თავი დაანებონ სპეკულაციებს და ხელი შეუწყონ იმას, რომ ხალხის დაკვეთა შედგეს. მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ თავის მხრივ, შეთანხმების ერთგული რჩება.