2016 წლის ევროფესტივალის ქართველი მონაწილეები ფინალში გადავიდნენ.
ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz, გუშინ, ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარეს. საქართველო საუკეთესო ათეულშია.
ქართველი მუსიკოსები მე-16 ნომრით გამოდიოდნენ. წელს, ისევე როგორც შარშან, ქართველ კონკურსანტთა ნომრის სცენური გაფორმება ცნობილმა შვედმა სცენოგრაფმა საშა ჟან-ბატისტმა გააკეთა.
ნიკა კოჩაროვმა და მისმა ჯგუფმა შეასრულეს სიმღერა Midnight Gold, ქართველი კონკურსანტებისათვის ბექ-ვოკალს ასევე ცნობილი შვედი მომღერალი ლარს სეფსუნდი ასრულებდა.
მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნებია: ლატვია, საქართველო, ბულგარეთი, ავსტრალია, უკრაინა, სერბეთი, პოლონეთი, ისრაელი, ლიტვა, ბელგია. ხოლო, 10 მაისს – პირველი ნახევარფინალიდან ფინალში აღმოჩნდნენ: აზერბაიჯანი, რუსეთი, ნიდერლანდები, უნგრეთი, სომხეთი, ხორვატია, კვიპროსი, ავსტრია, მალტა, ჩეხეთის რესპუბლიკა.
ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი 14 მაისს ჩატარდება, სადაც კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება.