“ზოგადად მოსმენები გულისამრევია და სრულიად მიუღებელი, ვინც არ უნდა იყოს მოსმენების ობიექტი. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას შორის ფარულ სატელეფონო ჩანაწერს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ხელს ვერავის ვერ დავადებთ თუ ვინ ჩაწერა ეს საუბარი, მისი ჩაწერა მოხდა აქ, უკრაინაში თუ ამერიკაში, ჩვენ ეს არ ვიცით. სამწუხარო არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ამით არასდროს არ ინტერესდება. იყო გამოქვეყნებული ფარული, უკანონო ჩანაწერები და მისი სრულყოფილი გამოძიება არ მოხდა. თუ ეს საქმეები არ იქნება გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი, ეს მექანიზმი კიდევ იმუშავებს, რაც სამწუხაროა. ჩვენ არ ვიცით, ეს საუბარი რამდენად ავთენტურია და ამიტომ სასაუბროც არაფერია. საექსპერტო დასკვნა არავის არ დაუდია. არც პაატა ბურჭულაძის და არც ნიკა გვარამიას მხრიდან არ ყოფილა ფაქტის არც დადასტურება და არც უარყოფა. ამიტომ სალაპარაკოც არაფერი არ არის”, – აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლევან ბერძენიშვილი: “ბურჭულაძეს პოლიტიკაზე წარმოდგენა არ აქვს”/ “ივანიშვილის ლანძღვაში გულწრფელობას ვერ ვგრძნობ.”
“გასაგებია, რომ ნიკა გვარამიამ არ უარყო, რომ მსგავსი შინაარსის საუბარი ჰქონდა ბურჭულაძესთან, მაგრამ გვარამიას ეს განცხადება არ ნიშნავს, რომ ამ სატელეფონო საუბრის შინაარსის ავთენტურობა დადგენილია. ჩვენ არ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა. თუ ეს საუბარი რეალურად შედგა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს ორი პარტია, რომლებიც ერთმანეთთან პარტნიორულ ურთიერთობაში არიან. ერთ-ერთს, ბურჭულაძის ოპოზიციურ გაერთიანებას, პოლიტიკასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ მასში შემავალ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, “გირჩი” იქნება, ვაშაძე თუ სხვები, პოლიტიკური თამაში ითამაშოს. კოალიციაში, თუ რაც არის, ამ ხელოვნურ წარმონაქმნში ვიღაცა ამბობს იმას, რასაც მაინცდამაინც არ ეთანხმება უფროსი. ჩვენ ვნახეთ, რომ ვიღაც არის ისეთი, რომელიც ამბობს ერთს, რასაც პაატა ბურჭულაძე თითქოს არ ეთანხმება. საუბარია იმაზე, მომავალში ითანამშრომლებენ თუ არ “ქართულ ოცნებასთან”. ეს პოლიტიკური გამოუცდელობის ამბავია, რადგან არავინ არჩევნების წინ არ ლაპარაკობს, ვისთან ითანამშრომლებს, ეს არ არის ახლა გადასაწყვეტი საკითხი. ეს იქნება მას შემდეგ გადასაწყვეტი, როდესაც არჩევნები გაიმართება და პარლამენტში პარტიები შევლენ, კონფიგურაცია დალაგდება და ა.შ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის პოლიტიკური გამოუცდელობის ბრალი. წინასწარ ამაზე ლაპარაკი არ მეტყველებს დიდ გამოცდილებაზე“, – ამბობს რესპონდენტი.
“ერთ-ორ დღეში პოლიტიკოსი ვერ გახდები. მით უფრო იმ გამოსვლების შემდეგ, რომელიც ვნახეთ. მაგალითად, აჭარაში გამოჩნდა, რომ ბურჭულაძეს პოლიტიკაზე წარმოდგენა არ აქვს. ამ კატასტროფული გამოსვლის შემდეგ არათუ პოლიტიკა, სიმღერა უნდა შეეწყვიტა. პოლიტიკა, საქმის კეთების გარდა, ლაპარაკიც არის. მას ლაპარაკი არ შეუძლია და საქმე როგორ უნდა გააკეთოს?! საერთოდ უნდა ვთქვა, რომ ბურჭულაძის პარტია, თუ რაც არის, თვალსა და ხელს შუა ქრება. ყველაზე უფრო მოწინავე პირები ტოვებენ პარტიას და გადიან. ამ დროს, როდესაც პარტიაში ეს ხდება, პაატა ბურჭულაძე სხვა კონტინენტზე იმყოფება. ეს საერთოდ წარმოუდგენელი ამბავია. ამიტომ არ მჯერა ამ პარტიის მომავლის სწორედ იქიდან გამომდინარე, რასაც ვხედავ“, – მიიჩნევს ბერძენიშვილი.