დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. მთავრობის მეთაურმა საქართველოს მიღწევებსა და ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ისაუბრა.
„ჩვენი გადაწყვეტილებები მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყანაში ნამდვილი ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობას. ამას კი გამბედაობა, თავდაჯერებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა სჭირდება. ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიული მისიის შესრულებაში ჩვენ მარტო არ ვართ. გაერთიანებული სამეფო, სახელმწიფო, რომელიც უკვე დიდი ხანია სარგებლობს „სიკეთისთვის მებრძოლი ძალის” რეპუტაციით, მხარში გვიდგას და თანამშრომლობის ყველა სფეროში გვაწვდის დროულ და ბრძნულ რჩევებს. ბრიტანელთა მხარდაჭერას, რომელიც ჩვენს საერთო ღირებულებებს ეფუძნება, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის განხორციელების გზაზე. გაერთიანებული სამეფო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1992 წლის აპრილში აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა”, – განაცხადა პრემიერმა და გაერთიანებულ სამეფოს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული და უწყვეტი მხარდამჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერმა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი 1919 წლიდან იწყება, როდესაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ლორდ კურზონმა ნიჭიერ ბრიტანელ დიპლომატს, სერ ოლივერ უორდროპს შესთავაზა სამხრეთ კავკასიაში ბრიტანეთის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტი, რეზიდენციით თბილისში.
„საქართველოს პრეზიდენტი ნოე ჟორდანია გულწრფელად მიესალმა ამ დიპლომატიურ ჟესტს. სერ ოლივერმა ძალ-ღონე არ დაიშურა ახალშექმნილი რესპუბლიკისთვის დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერის მობილიზაციისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის. ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობებში ოლივერ უორდროპის მიერ შეტანილი ფასდაუდებელი წვლილის სამახსოვროდ, 2014 წლის 19 ნოემბერს, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს ორმხრივი შეხვედრების პირველ სესიაზე მხარეები მას სიმბოლურად მოიხსენებდნენ, როგორც „უორდროპის დიალოგს”. ის აღმოჩნდა ყველაზე წარმატებული ფორმატი, რომელიც ხელს უწყობს დისკუსიებს საგარეო პოლიტიკის, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ვაჭრობის, ეკონომიკური ურთიერთობებისა და ენერგეტიკის და სხვა სფეროებთან დაკავშირებით, რომელთა ფარგლებშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ საკითხებს, რომლებზეც გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის შესაძლებელია თანამშრომლობის გაღრმავება და ცოდნისა და გამოცდილების უფრო ინტენსიური გაზიარება”, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში ვიზიტისას, საგარეო საქმეთა მდივანმა, ფილიპ ჰამონდმა საქართველოს უწოდა მთავარი პარტნიორი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობაში და რეგიონის ყველა ქვეყნისთვის მისაბაძი მაგალითი დემოკრატიული რეფორმების გატარების კუთხით.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღევანდელ მსოფლიოში ეკონომიკური კეთილდღეობა ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ასპექტია და საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას.
„შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით გაერთიანებული სამეფოს და საქართველოს ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით ჩატარებულ ღონისძიებებს, რომლებიც შედეგად მოიტანს საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესის გაღვივებას. საქართველოს აქვს მაღალი რეიტინგები ეკონომიკური თავისუფლების, კორუფციასთან ბრძოლის, ბიზნესის წარმოების სიმარტივის კატეგორიებში, რის წყალობითაც ჩვენი ქვეყანა სულ უფრო მომხიბვლელი ხდება საერთაშრისო ვაჭრობისა და ინვესტიციების თვალსაზრისით. გასულ წელს ბრიტანული ინვესტიციების ოდენობა საქართველოში გაიზარდა 85 პროცენტით, ბოლო ორი თვის განმავლობაში კი დაფიქსირდა ვაჭრობის 41-პროცენტიანი ზრდა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტად დაასახელა ის, რომ 2016 წელს British Petroleum-თან ნაყოფიერი პარტნიორობის მე-20 წლისთავი აღინიშნება, რომლის წყალობითაც დღეს საქართველო არის გლობალური ენერგეტიკის რუკაზე, როგორც სტაბილური, სანდო საერთაშორისო პარტნიორი კასპიის ზღვის რეგიონის მდიდარი რესურსების ტრანსპორტირებაში ევროპაში და მისი საზღვრების გარეთაც.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ამაყობს გაერთიანებულ სამეფოსთან ჩვენი უაღრესად შთამბეჭდავი თანამშრომლობით სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში.
„ქართველ და ბრიტანელ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს წვლილი შეაქვთ ავღანეთში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების პროცესში და ისინი გვერდიგვერდ მსახურობენ ნატოს უყევი მხარდაჭერის მისიაში. გარდა ამისა, ჩვენ დიდად ვაფასებთ დიდ ბრიტანეთთან აქტიურ კულტურულ ურთიერთობებს. აპრილში ლონდონში გაიმართა ქართველ მწერალთა და კინემატოგრაფისტთა კულტურული ფესტივალი, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს.
ბრიტანეთის საბჭო აქტიურად საქმიანობს საქართევლოში, სთავაზობს რა ქართველ სტუდენტებს სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამას, რათა მათ მიიღონ განათლება გაერთიანებულ სამეფოს წამყვან უნივერსიტეტებში. უკანასკნელ პერიოდში, ინგლისური ენა ქვეყანაში ყველაზე უფრო გავრცელებულ უცხო ენად იქცა, რაც დასავლურ სამყაროში საქართველოს სრულ ინტეგრაციას გაამარტივებს. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს. გარწმუნებთ, რომ საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილებაა გაერთიანებულ სამეფოსთან საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც მთელ მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
საზეიმო მიღებას დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკური წრეების, ბრიტანეთისა და საქართველოს ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.