ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ახალშობილთა ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განახლებული განყოფილება გაიხსნა.
გახსნის საზეიმო ცერემონიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული და მედიკოსები ესწრებოდნენ.
როგორც ღონისძიებაზე ღუდუშაურის სამედიცინო ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მარინე გელანტიამ განაცხადა, განახლებული ნეონატალოგიური განყოფილება 100 საწოლზეა გათვლილი. ახალშობილთა მოდერნიზებული განყოფილება საქართველოსთვის უპრეცედენტო ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი.
როგორც ცენტრში აცხადებენ, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით ცენტრი საშუალებას იძლევა, კიდევ უფრო შემცირდეს ახალშობილთა სიკვდილიანობა, რომელიც ბოლო წლებში განახევრებულია.
„ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა არა მარტო ცენტრისთვის, არამედ ჯანდაცვის სისტემისთვის. ეს განყოფილება ამიერკავკასიის რეგიონში მნიშვნელოვანია, ასეთი ცენტრი სიცოცხლეს შეუნარჩუნებს და ჯანმრთელობას გაუუმჯობესებს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, როგორიც არის დღენაკლული ახალშობილები. მათი სიკვდილიანობის მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება“, – განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა.