თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვისთვის წესის აგების საკითხზე, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ამ ასაკის ბავშვისთვის რთული იქნებოდა გარემოებების განსაზღვრა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასზე ძალადობდნენ. როგორც ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, შესაძლოა, მისთვის წესის აგებასთან დაკავშირებით, დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ.
“როდესაც ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება სუიციდი, ეკლესია წესის აგების გადაწყვეტილებას იღებს. ყველაფერთან ერთად, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარდაცვლილი მცირეწლოვანი იყო და მისთვის ისედაც რთული იქნებოდა ადეკვატურად ემოქმედა. 11 წლის ბავშვისათვის გაცილებით რთულია გარემოებების სწორად აღქმა და განსაზღვრა, ვიდრე გამოცდილების მქონე ადამიანისთვის. თუ ვინმემ აიძულა და ის ძალადობის ქვეშ იყო, მისი თავისუფალი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა თვითმკვლელობა,” – აცხადებს დეკანოზი, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე.
თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის გარდაცვალების შესახებ, ზუსტი პასუხი, იყო თუ არა თვითმკვლელობა, დამოკიდებულია სამედიცინო ექსპერტიზის პასუხზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი მოზარდის დაკრძალვამდე 2 დღეა დარჩენილი. შესაბამისად, სასულირო პირებმა გადაწყვეტილება წესის აგების შესახებ, დროულად უნდა მიიღონ. ჯერჯერობით ეს საკიხი მსჯელობის საგანია.
