გურიაში დაფიქსირებული შემთხვევები დიდი ალბათობით, ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება, თუმცა კვლევები ისევ გრძელდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, რამდენად მართებულია, რომ იმავე დარბაზში ქორწილები ისევ იმართება, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეს დაუშვებელია და შესაბამისი რეაგირება იქნება.
„გურია მნიშვნელოვანი ხდება, თუმცა განგაშის საფუძველი არ არის – გუშინ გვქონდა სამი შემთხვევა და დღეს დილით, კიდევ ერთი დაემატა. გაფართოებული ეპიდკვლევა დაიწყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემობანში.
ეს შემთხვევები დაკავშირებულია დიდ, ფართომასშტაბიან ქორწილთან, ამიტომ, ეს მოწოდება რამდენჯერმე გავაკეთეთ – ვცხოვრობთ პანდემიის პირობებში, კანონით აკრძალულია ას ადამიანზე მეტის შეკრება. განსაკუთრებით მომატებულია რისკი, როდესაც ბევრი ადამიანი იკრიბება, მით უმეტეს, ყოველგვარი დაცვის გარეშე კარგია, რაც მეტი ქორწილი იქნება და რაც მეტი ბავშვი გაჩნდება, ამას რა სჯობს, მაგრამ დროებით, ვიდრე ამ პირობებში ვცხოვრობთ, თავი შევიკავოთ ამ დიდი შეკრებებისგან. ეს გახლავთ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ინფექციის შემდგომი გავრცელების“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 2 „დონას“ და 1 ავერსის ჯგუფიდანაა, 2 შემთხვევა იმპორტირებულია, 5-ზე კი კვლევა მიმდინარეობს.
