საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით დაგეგმილ რაგბის 8 ერის (შემოდგომის თასზე) ტურნირში ითამაშებს. დღეს ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს ექვსი ერის ორგანიზატორებმა და შესაბამისი სიახლე ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (https://www.sixnationsrugby.com/2020/09/10) გამოაქვეყნეს.
ექვსი ერის ორგანიზატორებთან მოლაპარაკების პროცესს საქართველოს რაგბის კავშირი აწარმოებდა, რომელსაც სრული მხარდაჭერა ჰქონდა საქართველოს მთავრობიდან და მსოფლიო რაგბიდან. საბოლოოდ მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დასრულდა და ჩვენი ეროვნული გუნდი, მსოფლიოს გრანდებთან ერთად ითამაშებს.
თავდაპირველი მონაცემებით 8 ერში უნდა ეთამაშათ ტურნირის უცვლელ მონაწილეებს – ინგლისს, საფრანგეთს, შოტლანდიას, ირლანდიას, უელსს, იტალიას და 2 მიწვეულ ნაკრებს – ფიჯის და იაპონიას. მოგვიანებით, ქვეყანაში პანდემიით შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, იაპონიის რაგბის კავშირმა უარი თქვა ტურნირში მონაწილეობაზე, რამაც საქართველოს ნაკრებს შეჯიბრებაში მონაწილეობის შანსი მისცა. საქართველოს ნაკრების რვა ერის ტურნირში მონაწილეობა გახლავთ ისტორიული ამბავი ქართული რაგბისთვის და ზოგადად ქართული სპორტისთვის.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დამოუკიდებლობის შემდეგ ხუთჯერ ითამაშა მსოფლიოს თასების ფინალურ ეტაპზე (2003, 2007, 2011, 2015, 2019) და მოახერხა ხუთი თამაშის მოგება. ერთხელ, 2015 წლის მსოფლიოს თასზე ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მოიგო 2 მატჩი და პირდაპირ მოიპოვა 2019 წლის მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება. საქართველოს ნაკრების წარმატებები პირდაპირ უკავშირდება ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს და ფონდი „ქართუს“ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს. სახელმწიფოს მხარდაჭერით გაიზარდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების დაფინანასება, მოთამაშეების, მსაჯების, ექიმების, გუნდის მენეჯმენტის ანაზღაურება. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელების და მომსახურე პერსონალის ანაზღაურება. მოსამზადებელი შეკრებების რაოდენობა და ხარისხი. ფონდი „ქართუს“ და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით თბილისში და რეგიონებში აშენდა არაერთი რაგბის მოედანი და კომპლექსი, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში რაგბის სწრაფად განვითარებას. ამასთან, ახალმა რაგბის ინფრასტრუქტურამ შესაძლებელი გახადა საქართველოში ისეთი მასშტაბური ღონისძიების ჩატარება, როგორიც გახლავთ ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი. 2017 წელს, თბილისში და ქუთაისში გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატი 20-წლამდელ მორაგბეთა შორის საუკეთესო 12 ნაკრების მონაწილეობით, რომელმაც რაგბის საერთაშორისო კავშირის და მონაწილე ნაკრებების დელეგაციების მხრიდან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. აღნიშნული ტურნირის მატჩები გაიმართა ქუთაისის და ავჭალის ახლად აშენებულ რაგბის მოედნებზე. მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე ნაკრებები, ტურნირის მსვლელობის დროს საწვრთნელი პროცესისთვის ინტენსიურად იყენებდნენ სხვადასხვა რაგბის ბაზას, რომლების ასევე ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით აშენდა.