“თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მე-5 ფილიალში ექიმ ლელა ჩუბინიძისთვის ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. მორიგი გამოძახებიდან დაბრუნებულს ახალი მისამართი გადასცეს მოტივით -„ტკივილი გულმკერდის არეში“.
გამოძახებაზე ბრიგადა დაუყოვნებლივ გავიდა. ადგილზე დაახლოებით 62 წლის მამაკაცი დახვდათ, რომელიც ამბობდა, რომ იმ მომენტში თავს ბევრად უკეთ გრძნობდა”, – ამის შესახებ გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” სოციალურ ქსელში წერს.
ამავე ინფორმაციით, მოულოდნელად ვითარება სხვანაირად განვითარდა, უეცრად მამაკაცმა გონება დაკარგა, პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა.
“დაუყოვნებლივ დაიწყო გულ-ფილტვის რეანიმაცია. მონიტორზე პარკუჭოვანი ფიბრილაცია დაფიქსირდა, ჩატარდა ელექტროდეფიბრილაცია. პაციენტს გულის მუშაობა მომენტალურად აღუდგა. გონზე მოვიდა და გაკვირვებული ეკითხებოდა ექიმს, რატომ იწვა ძირს და რატომ ეკრა გულზე ელექტროდები.
პაციენტი სწრაფად გადაიყვანეს ფარზე და ჩატარდა ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა. კარდიოგრამაზე ქვედა კედლის მიოკარდიუმის ინფარქტის ნიშნები დაფიქსირდა.
ბრიგადის წევრებმა სწრაფად დაიწყეს პაციენტის კლინიკაში გადაყვანის პროცესი.
დასახმარებლად მთელი კორპუსი მობილიზდა. მე-9 სართულიდან პაციენტის ჩამოყვანისას, სულ რამდენიმე სართულის გავლის შემდეგ, გული მეორედ გაჩერდა.
ლელა ჩუბინიძემ კვლავ დაუყოვნებლივ დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები და მეორედ შეძლო გულის მუშაობის აღდგენა. მამაკაცი ისევ კონტაქტური გახდა.
ბრიგადა ისევ დაიძრა სასწრაფო დახმარების ავტომობილისკენ, თუმცა გზაში პაციენტს გული მესამედ გაუჩერდა. ექიმმა მესამედ ჩაატარა რეანიმაცია და კვლავაც წარმატებით შეძლო გაჩერებული გულის მუშაობის აღდგენა.
პაციენტი ფორსმაჟორულად შეიყვანეს უახლოეს კლინიკაში გონზე მყოფი, ადეკვატური და აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით.
კლინიკაში დადასტურდა მიოკარდიუმის ინფარქტი და პაციენტს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა კორონარული სტენტირება.
ყველაზე ემოციური მომენტი კი მოგვიანებით, სტენტირების შემდეგ დადგა, როდესაც პაციენტი ნარკოზიდან გამოვიდა და თვალები გაახილა, მისი ერთ-ერთი პირველი კითხვა იყო:
„ლელა ექიმმა რა თქვა?“
მას ასევე აინტერესებდა იმ ექთნის სახელი, რომელიც ლელა ჩუბინიძეს პაციენტის გადარჩენაში ეხმარებოდა.
მამაკაცის ოჯახის წევრები მოგვიანებით თავადაც დაუკავშირდნენ ექიმს. მამაკაცის ქალიშვილის თქმით, როდესაც მას ლელა ექიმის ხმა ესმის, ტირილს იწყებს და იმეორებს:
„მადლობა, რომ ჩემი მამა გადამირჩინეთ.“
პაციენტი ამჟამად თავს კარგად გრძნობს, ფეხზეა და კლინიკიდან მალე გაეწერება.
ექიმი განსაკუთრებულ მადლობას უხდის თავისი ბრიგადის წევრებს, ექთან ლუკა გედევანიშვილსა და მძღოლ ბადრი კანკიას, იმ დიდი დახმარებისა და თავდადებისთვის, რომელიც მათ ამ რთულ და სიცოცხლისთვის გადამწყვეტ გამოძახებაზე გაუწიეს.
ეს იყო შემთხვევა, როდესაც ერთი შეხედვით გაუმჯობესებული მდგომარეობის მქონე პაციენტის სიცოცხლისთვის ბრძოლა სრულიად მოულოდნელად სამჯერ გახდა საჭირო და სამივეჯერ წარმატებით დასრულდა.
ლელა ჩუბინიძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს და ამ წლების განმავლობაში არაერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში მიუღია მონაწილეობა.
მადლობას ვუხდით მე-5 ფილიალის ბრიგადას პროფესიონალიზმისთვის, სწრაფი რეაგირებისა და თავდადებისთვის”, – წერია ინფორმაციაში.
