ამ არჩევნებს პარტია „ქართული ოცნება“, პირველად თავისი ხანმოკლე პოლიტიკური ისტორიის მანძილზე, ხვდება სტაბილურ, ჯანსაღ გარემოში, როცა არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს აქვს შესაძლებლობა თანაბარ პირობებში უთხრას ხალხს ის, თუ რა სარგებლის მომტანია ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რიგით მეოთხე ყრილობაზე განაცხადა.
„გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. იმავდროულად, ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკით, მნიშვნელოვნად ამაღლდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხი. ჩვენი პარტიის რიგები განახლების პროცესშია. ჩვენ ამჯერად ახალი გამოწვევები გვაქვს, ახალი სახეები და ახალი პერსპექტივები. ამ არჩევნებს პარტია „ქართული ოცნება“, პირველად თავისი ხანმოკლე პოლიტიკური ისტორიის მანძილზე, ხვდება სტაბილურ, ჯანსაღ გარემოში, როცა არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს აქვს შესაძლებლობა თანაბარ პირობებში უთხრას ხალხს ის, თუ რა სარგებლის მომტანია ქვეყნისთვის, როგორ ხედავს ჩვენს ერთობლივ მომავალს და რის გამო უნდა ენდოს მას ამომრჩეველი. მინდა აქვე განვაცხადო- სანამ საარჩევნო მარათონი დაიწყება : ჩვენ არ ვაძლევთ მხოლოდ დაპირებებს მოსახლეობას, ჩვენ მათ ვაბარებთ გაკეთებული და დაწყებული საქმეების ანგარიშს, რის საფუძველზეც თვითონ ამომრჩეველი მიხვდება დაგანსაზღვრავს ვიმსახურებთ თუ არა მათ ნდობას და მხარდაჭერას”, – განაცხადა კახი კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრის თქმით, წინ არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც ამომრჩევლების დახმარენით პარტიამ ღირსეული გამარჯვება უნდა მოიპოვოს.
„ეს არ იქნება მხოლოდ „ქართული ოცნების“, ჩვენი პარტიის, ჩვენი პარტიის წევრების გამარჯვება. ეს იქნება ქართველი ხალხის, ქართული დემოკრატიის, განვითარების იმ გზის გამარჯვება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ დაადგა. ჩვენ შეგვწევს უნარი შევქმნათ ახალი პოლიტიკური კულტურა, ახალი პოლიტიკური სტანდარტი ქვეყანაში!, ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ ხელისუფლების შტოების გაძლერებას. ამიტომ პარტია სრულიად განახლებული, მაღალპროფესიონალური და მოტივირებული ადამიანების საშუალებით შეუდგება ჩვენი ოცნებების რეალიზებაზე მუშაობას! მალე დადგება დრო, როცა თითოეული მოქალაქის ოცნება გახდება რეალობა და ჩვენ შეგვწევს იმისი ძალა, გვაქვს უნარი და მოტივაცია ამ რეალობის შექმნაში ჩვენი რესურსით მივიღოთ არსებითი მონაწილეობა”, – განაცხადა კახი კალაძემ.