“თუ სიმძიმის მიხედვით შევაფასებთ, მთლიანობაში, კოვიდ-დადებითიდან, ვინც დღეს მკურნალობას გადის საავადმყოფოებსა თუ საკარანტინე სივრეცებში, ძირითადად, ჭარბობს მსუბუქი, უსიმპტომო და საშუალო სიმძიმის ავადმყოფები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, უსიმპტომო პაციენტების რაოდენობა საერთო ინფიცირებულთა, დაახლოებით, 10-15%-ს შეადგენს.
„უსიმპტომო პაციენტები, ძირითადად, გადადიან საკარანტინე სივრცეებში და სწორედ იქ იმართებიან. გვყავს კრიტიკული 13 პაციენტი, საიდანაც 5 ინტუბირებულია, ანუ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. მათგან 4 გახლავთ აფხაზეთიდან გადმოყვანილი ავადმყოფია. ჩვენ აქტიურად ვეხმარებით ჩვენს აფხაზეთის რეგიონს და თუ იქ მძიმე შემთხვევები ფიქსირდება, ისინი სწრაფად გადმოგვყავს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და აქ ეწევათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ასეთია დღეს 4 ავადმყოფი, რომელიც ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. კიდევ 8 პაციენტი ასევე კრიტიკულია, თუმცა ისინი გახლავთ ჟანგბადდამოკიდებული. ზოგადად მძიმეა 70-მდე ადამიანი, დანარჩენი კი, მსუბუქი, საშუალო და უსიმპტომო პაციენტები არიან“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.