ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე, ნაციონალური მოძრაობის სიაშო, ბუბა კიკაბიძის პირველ ნომრად ჩასმას განსაკუთღებულ სვლად აფასებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში განმარტავს.
“ბუბა კიკაბიძის ნაცმოს პირველ ნომრად ჩასმა ცხადია, ამომრჩეველზეა გათვლილი (რა არ არის გათვლილი არჩევნებისას?), მაგრამ, ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული სვლაა;
განსაკუთრებული არა იმიტომ, რომ “ხალხისთვის საყვარელი მომღერალია”, რომ მასზე ძნელად თუ იტყვის ვინმე ცუდს (“პუტჩისტი”, “ჩიტო-გვრიტო” არ ითვლება, არ აღიქმება სერიოზულად), რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ის გახსნის პარლამეტის პირველ სხდომას და ა.შ.
საქმე იმაშია, რომ კიკაბიძეს პარლამეტის წევრობა სრულიად უანგაროა. რა შეიძლება უნდოდეს კიკაბიძეს, გარდა იმისა, რაც თქვა, რომ მას უნდა რომ ბავშვები არ შიმშილობდნენ, რომ განათლება იყოს კარგი და ხელმისაწვდომი? არც არაფერი.
სხვა სიების თავში, რაც არ უნდა სამშობლო ბედზე მზრუნველებად ხატონ და აპიარონ მომხრეებმა, ხალხია, ვისაც რაღაც უნდა თავისთვის: ზოგს – ბიზნესის შენარჩუნება/გაფართოება, ზოგს – მისაღებ პოლიტიკოსად დარჩენა, ზოგს – პრემიერ-მინისტრობა, ზოგს – პუპულარობა. ეს ჩვეულებრივი, პოლიტიკური სურვილია, არ გეგონოთ, რომ ამით რამე მემარცხენეობას ვიძახდე. ყველგან ასეა. ზოგს მართლაც უნდა, ან აბრალებენ. და ამ დაბრალების სერიოზული საფუძველი არსებობს.
რა უნდა უნდოდეს ბუბას? არაფერი, მართლაც არაფერი, გარდა იმისა, რაც თქვა. ყოველ შემთხვევაში, ვერაფრს ვერ მოუგონებ ისეთს, რომ არ დაგცინონ.
ჰოდა, ეს უანგარობა, არა პიარულად კონსტრუირებული, არამედ, არსებული, როგორც სოციალური ფაქტი, საინტერესოა: ბუბა კიკაბიძე უანგარო პოლიტიკოსის განსხეულებაა, ისეთის, როგორიც საყოველთაოდ მიღებული პოლიტიკოსის იდეაა, ისეთის, როგორადაც თავს გვაჩვენებდნენ საქართველოს პოლიტიკოსები წლების განმავლობაში: რომ მას უნდა ჰქონდეს გაცხადებული მიზნები და თავისთვის არაფერი უნდოდეს.
არ ვიცი, ნაცმომ და სააკაშვილმა ეს მოიფიქრეს, თუ გამოუვიდათ. მაგრამ, ფაქტია, რომ ქართველ ამომრჩეველს ის იდეალური პოლიტიკოსი შესთავაზეს პირველ ნომრად, რომლის თაობაზეც წლებია, ჯერ კიდევ ბოლშევიკების დროიდან მიდის პიარი, რომ პოლიტიკოსი ასეთი უნდა იყოს. თან ისე, რომ ყველამ იცოდა, რომ “რა სისულელეა, ვიცით, რომ ეს პროპაგანდაა”.
ვფიქრობ, ეს უეჭველი უანგარობა თავის შედეგებს მოიტანს, ხშირ შემთხვევაში გაუცნობიერებლად, იმათ თავებში, ვინც ასეთი აუხდენელი პოლიტიკური იდეის გარემოცვაში დაიბადა, გაიზარდა, დაბერდა.”– წერს გიგი თევზაძე.