თბილისის საქალაქო სასამართლო მამუკა ახვლედიანის სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მამუკა ახვლედიანის სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიცის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ. მხარეებს შორის დავის საგანს იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა წარმოადგენდა, რომლის თანახმადაც მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლდა. მოსარჩელის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას უგულებელყოფილ იქნა საქალაქო სასამართლოს/კოლეგიის თავმჯდომარის გათავისუფლების პროცედურა და წესი, რომელიც გათვალისწინებულია „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ „ საქართველოს კანონით. გარდა ამისა, მოსარჩელის განმარტებით მოპასუხე მხარემ, როგორც გადაწყვეტილების მიმღებმა კოლეგიურმა ორგანომ დაარღვია სხდომის ჩატარებისა და დღის წესრიგის განსაზღვრის წესი და ვადები, რაც იწვევს ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებას სასამართლოს მიერ. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ გადაწყვეტილებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო მსჯელობს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, და არა მისი როგორც სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებზე. მოპასუხე მხარემ თავის მხრივ, არ სცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ სასამართლოს თავმჯდომარისა და სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობებზე მოსამართლის დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ამ ფუნქციის განხორციელებისას სარგებლობს არა სარჩელში მითითებული კანონით, არამედ საქართველოს ორგანული კანონით „საერთო სასამართლოების შესახებ“. მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების საფუძველი გახდა მისი მხრიდან მენეჯერული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ფაქტები და არა მისი, როგორც მოსამართლის მხრიდან ჩადენილი დისციპლინური გადაცდომა. ამასთან, როგორც კოლეგიის თავმჯდომარემ, მან თავისი ბრძანებით გადაწყვიტა სისხლის სამართლის კოლეგიაში ვიწრო სპეციალიზაციის დაწესების საკითხი, რაც სცდებოდა მის კომპეტენციას და წარმოადგენდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივას, ასევე 2015 წლის განმავლობაში მას 60 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში არ შეუსრულებია დაკისრებული მოვალეობა და უფლებამოსილების განხორციელება სხვისთვის ჰქონდა გადაცემული. მამუკა ახვლედიანი მიწვეული იყო მისი საკითხის განმხილველ სხდომებზე, რომლებშიც მას მონაწილეობა არ მიუღია, შესაბამისად საბჭოს მიერ სადავო აქტის გამოცემისას არ დარღვეულა კანონის მიერ დადგენილი დანაწესი. სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მამუკა ახვლედიანი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათავისუფლდა არა მოსამართლის, არამედ სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან. აღნიშნული თანამდებობები ‘’საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, სხვადასხვა უფლებამოსილებისა და ფუნქციების მატარებელ პოზიციებს წარმოადგენს, შესაბამისად მოსარჩელის სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებისას „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ„ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურის განხორციელება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო. ხსენებული კანონის პირველივე მუხლი საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს და დისციპლინური სამართალწარმოების წესს ადგენს. ადმინისტრაციული თანამდებობის მატარებელ პირზე აღნიშნული კანონის გავრცელების შემთხვევაში, თანაბარი სტანდარტები იქნებოდა დადგენილი მოსამართლისა და სხვა არამოსამართლე წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურებთან დაკავშირებით, რაც სასამართლოს განმარტებით, შეუსაბამო იქნებოდა მოსამართლის დამოუკიდებლობის და სტატუსის კონსტიტუციით დადგენილ გარანტიებთან. აღსანიშნავია, რომ პირი ვერ დაიკავებს სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას თუ იმავდროულად არ არის რომელიმე კოლეგიის თავმჯდომარე, შესაბამისად აღნიშნული მსჯელობა ამ თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლებაზეც ვრცელდება. რაც შეეხება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცემულ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიზანშეწონილობას, სასამართლომ მიუთითა რომ ამ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმადაც სასამართლო ამოწმებს სადავო აქტის კანონიერების საკითხს და არ მსჯელობს მის მიზანშეწონილობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიკუთვნებული უფლებამოსილების განხორციელება, კერძოდ კოლეგიებში სპეციალიზაციის განსაზღვრის ფაქტი და სხვა. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ აღნიშნული საქმე (ოლუჯიჩი ხორვატიის წინააღმდეგ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკიდან, შეეხება სწორედ მოსამართლის გათავისუფლებას დაკავებული თანამდებობიდან და არა ადმინისტრაციული ფუნქციის მატარებელ თანამდებობის პირს – ამ შემთხვევაში სასამართლოს თავმჯდომარეს. სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.