საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართულ დელეგაციას უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი აზიზ ტაშპულატოვი მასპინძლობს.
ვიზიტის ფარგლებში გელა გელაძესა და მის უზბეკ კოლეგას შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით პარტნიორობის გაფართოებასა და განმტკიცებაზე.
შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ასევე ხელი მოაწერეს უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმების ძირითად მიზანს წარმოადგენს მხარეთა შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება დანაშაულის პრევენციის, გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების საკითხებში.
შეხვედრის დასასრულს გელა გელაძემ უზბეკ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
