ორშაბათიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში როგორც კერძო, ისე მუნიციპალური საბავშვო ბაღების ფუნქციონირება შეჩერდება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
ამავე ქალაქებში, 9 ნოემბრიდან, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. ასევე, ამ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება.
საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმაზე, თუ როგორ იქნება დაცული დადგენილი წესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, მათ შორის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, მათ შორის პოლიტიკური პროცესის დროს.
საბჭოს წევრებმა ისაუბრეს იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილებას.
„ამისთვის აუცილებელია, განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია. აღინიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება, არის მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მკურნალობა ოჯახის ექიმებთან აქტიური კონსულტაციით. ხოლო ინფიცირებულები, რომელთაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ, გადავიდნენ კოვიდ-სასტუმროებში, სადაც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე.

