ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, თუ არ მუშაობ, რატომ გაქვს მოლოდინი, რომ ხალხის ფული დაგაფინანსებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის იმ შეფასების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც პარტიების დაფინანსების კანონპროექტს ეხებოდა.
თურნავა ასევე გამოეხმაურა კელი დეგნანისგანცხადებას, რომ ერთპარტიული პარლამენტი სამწუხარო უკუსვლა იქნება.
„ამომრჩეველმა ხმა მისცა ცხრა პარტიას და სწორია, რომ ოპოზიციური პარტიები თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს ცივილიზებულად მართავდნენ საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებით. ამერიკის ელჩს ამ შეფასებაში აბსოლუტურად ვეთანხმებით და ეს მართლაც ასეა. როდესაც ამომრჩეველი ხმას და მანდატს გაძლევს, რომ პარლამენტში მათი ინტერესები წარმოადგინო, ქუჩის გზა ამომრჩევლის მიმართ უპასუხისმგებლობაა. ამას სხვა შეფასება არც შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.
რაც შეეხება პარტიების დაფინანსების კანონპროექტს, პირველ რიგში, ძალიან მარტივი ლოგიკაა. ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, თუ არ მუშაობ, რატომ გაქვს მოლოდინი, რომ ბიუჯეტი, ხალხის ფული დაგაფინანსებს. კანონპროექტი აბსოლუტურად გამართული იყო სამართლებრივად, მაგრამ დავინახეთ რა სხვადასხვა სპეკულაციის საფრთხე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საბოლოო დამტკიცებამდე გადავუგზავნოთ ჩვენს პარტნიორებს, ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას, რომ მათაც თავიანთი მოსაზრება გამოთქვან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.