აქტივისტ თორნიკე რაზმაძის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო, მან ადვოკატი მოითხოვა. თორნიკე რაზმაძეს სიძულვილის ენის გამოყენებას ედავებიან.
„იმ კომენტარში პერიფრაზირებულია მარგარიტა სიმონიანის ფრაზა: „ნა კალენიახ“ და შეურაცხყოფაც არის მიყენებული ამ კონტექსტში“, – განაცხადა რაზმაძემ.
აქტივისტი ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალური ოქმით მას მარგარიტა სიმონიანის ან რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას არ ედავება.
„[საუბარია] საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერაზე. იგივე კომენტარი რომ დაწერილიყო ნებისმიერი სხვა ადამიანის მიმართ, ეს მუხლი ესადაგებოდა“, – აღნიშნა რაზმაძემ.
საქმეზე მედიასთან კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა მარიამ კერესელიძემ.
„[რაზმაძემ] განაცხადა, რომ არ იყო ინფორმირებული, თუ რას ედავებოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. აღნიშნული განმარტება მისი მხრიდან ჩვენთვის საკმაოდ უცხო იყო, ვინაიდან მან მთელი კამპანია ჩაატარა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, რუსეთის წარმომადგენლის გინებისა და შეურაცხყოფის გამო ედავებოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. თორნიკე რაზმაძემ ზუსტად იცოდა, რას ედავებოდა მას შინაგან საქმეთა სამინისტრო, იცნობდა ყველა მტკიცებულებას, რომელიც საქმეში იყო. მან საზოგადოებაზე ემოციურად ითამაშა იმისათვის, რომ ხმაური შეექმნა თავის საქმეზე, რადგან იცოდა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდებოდა მისი სამართალდარღვევის ფაქტი“, – განაცხადა კერესელიძემ.
