საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი მეუღლე სოციალურ ქსელში წერს.
ანა ჯაბაურის თქმით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ნორმალურია.
,,საავადმყოფოებში ერთწლიანი ,,გამოკეტილობის’’, ტოტალური გერმანული ,,ლოქდაუნის’’, საყოველთაო პამდემიური ისტერიისა და მუდმივად ურთულესი სიძნეელეების გადალახვის ფონზე, მგონი, არაგვიშავს.
მადლობა კლინიკის ადმინისტრაციას ცოტნეს პოზიტიური განწყობის შენარჩუნებისთვის, გამონაკლისის სახით მასთან ჩემი 24-საათიან რეჟიმში ყოფნის დაშვებით”, – წერს ანა ჯაბაური.
ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს დაჭრეს. გამსახურდია ჯერ თბილისის, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში მკურნალობდა. ამჟამად მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს.
გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე 2 პირს შეეფარდა 15- წლიანი პატიმრობა. მათ ბრალად ედებოდათ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა.
ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს კი, მოსამართლის განაჩენით, თავისუფლების 4 და 5 წლით აღკვეთა განესაზღვრათ.