პოლონეთი აშშ-ის თითოეული სამხედროსთვის, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე იქნება, წელიწადში 15 000 დოლარის გადახდას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, პაველ ზალევსკიმ განაცხადა.
ზალევსკის თქმით, პენტაგონთან საუბარი ამჟამად სწორედ გეგმის განხორციელების დეტალებზეა ორიენტირებული . მათ შორის, რომელი შენაერთები იქნებიან ჩართული, რა შესაძლებლობები ექნებათ და სად განთავსდებიან.
ზალევსკიმ არ დაასახელა კონკრეტული ამერიკული შენაერთები ან შესაძლო დისლოკაციის ადგილები, თუმცა გაამხილა ვარშავის შეთავაზების ახალი დეტალები.
„ჩვენ ამერიკულ ჯარებს ძალიან განსაკუთრებულ პირობებს ვთავაზობთ. ჩვენ დავფარავთ ინფრასტრუქტურის ხარჯებს. ასევე დავფარავთ პოლონეთში განლაგებული თითოეული ამერიკელი სამხედროს შენახვის ხარჯებს , წელიწადში 15 000 დოლარის ოდენობით“, – განაცხადა ზალევსკიმ და აღნიშნა, რომ ამ თანხას პოლონელი გადასახადის გადამხდელები დაფარავენ.
