„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიცია გვერდზე გადადებს ვიწრო პარტიულ ინტერესებს და იხელმძღვანელებს ქვეყნის ინტერესებით, ყველანაირი შეთანხმება იქნება შესაძლებელი.
„ოპოზიციას კონსტრუქციულ ნაბიჯებს ძალიან კარგად კარნახობენ ჩვენი მოქალაქეები და უცხოელი პარტნიორები, რომლებიც ამ სიტუაციის შეფასებისას ამბობენ, რომ პარტიებმა უნდა გადადონ გვერდზე ვიწრო პარტიული ინტერესები და იხელმძღვანელონ ქვეყნის ინტერესებით. ამ პერსპექტივით თუ იფიქრებს ოპოზიცია, ყველანაირი შეთანხმება იქნება შესაძლებელი. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ქვეყნის ინტერესებით და სამართლიანობის საკითხით. ყველაფერი, რაც პასუხობს ამ ორ კრიტერიუმს, ჩვენთვის მისაღებია. ბოლო 5 თვის განმავლობაში ჩვენ ფასილიტაციის პროცესიდან გამოვიტანეთ საარჩევნო რეფორმა, მედიაციის პროცესი მიმდინარეობს და უკვე დავაინიცირეთ საკონსტიტუციო ცვლილებები ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან. ასე რომ, ჩვენ დასკვნები საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით გამოგვაქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.