თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი განცხადებას ავრცელებს.
“ერთ-ერთი რუსული გვერდი (Реалист-realtribune.ru), ცდილობს გააცოცხლოს მრავალჯერ გაქარწყლებული დეზინფორმაციული ნარატივი და ამტკიცებს, თითქოს ახალქალაქში ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები უკავშირდება თურქული სამხედრო ბაზის განლაგებას.
აღნიშნულ ტერიტორიაზე განლაგებულია საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში გაიხსნა და უზრუნველყოფს თავდაცვის ძალებისათვის რეკრუტთა საწყისს საბრძოლო მომზადებას. იქ მიმდინარე ყველა ტიპის სამუშაო არის თავდაცვის ძალებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული განახლების პოლიტიკის ნაწილი.
აღნიშნული ცენტრის ინფრასტრუქტურის გამართვასა და მოწესრიგებას თავდაცვის ძალების სამშენებლო კომპანია ახორციელებს. აღნიშნულ სამხედრო ნაწილში ასევე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილიც და მათ ყველაზე კარგად იციან ამ ცენტრის რეალური დანიშნულება და მნიშვნელობა საქართველოს თავდაცვის ძალებისათვის.
აღნიშნული დეზინფორმაცია წარმოადგენს რუსული პროპაგანდის კლასიკურ მაგალითს, რომლის მიზანია საზოგადოებაში დაბნეულობისა და დაპირისპირების შემოტანა.”