მმართველი პარტიის თავმჯდომარე ევროპარლამენტარების დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც მარინა კალიურანდმა, სვენ მიკსერმა და ვიოლა ფონ კრამონმა გაავრცელეს. ირაკლი კობახიძის თქმით, განცხადება საქართველოში პოლიტიკური პროცესების სათანადო მიმართულებით განვითარებას ემსახურება.
„ევროპარლამენტარების განცხადება ზუსტად გამოხატავს იმ საუბრების შინაარსს, რომელიც მათთან გვქონდა. ვსაუბრობდით იმაზე, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია სწორი აღსრულება ამ შეთანხმების. გარდა ამისა, ვსაუბრობდით იმაზე, რომ მნიშვნელოვანია სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა არ გააგრძელონ რაღაც პოლიტიკური თამაშები, რაც არის დღეს სამწუხაროდ სახეზე. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველოს პოლიტიკური პროცესები სათანადო მიმართულებით განვითარდეს და ამას ემსახურება ევროპარლამენტარების განცხადებაც“, – აღნიშნა კობახიძემ.