პრეზიდენტის ეგიდით დაწესდეს ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია ახალგაზრდა მთარგმნელების პირველი მთარგმნელისთვის, რომელიც გაიცემა იუნესკოს წლის ფარგლებში მომავალი წლის 22 აპრილს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.
„თბილისს შესწევს ძალა და შემოქმედებითი ენერგია, რომ ღირსეულად უმასპინძლოს ლიტერატურით დაინტერესებულ სტუმრებს მთელი მსოფლიოდან. იყოს ახალი წამოწყებებისა და ინიციატივების ადგილი, იყოს მწერლებისთვის ახალი შთაგონების წყარო. რადგან ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო მოვლენაზე მინდა, ხაზი გავუსვა ერთ აუცილებლობას.
ჩვენ მეტი მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ ჩვენს მთარგმნელებს. რამეთუ ჩვენი ადგილი მსოფლიო ლიტერატურულ სამყაროში თარგმანზე გადის. მაშასადამე, ამ მოვლენასთან დაკავშირებით მსურს გამოვაცხადო ჩვენი ინიციატივა, პრეზიდენტის ეგიდით დაწესდეს ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია ახალგაზრდა მთარგმნელების პირველ მთარგმნელისთვის, რომელიც გაიცემა იუნესკოს წლის ფარგლებში მომავალი წლის 22 აპრილს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
UNESCO-ს გადაწყვეტილებით, დღეს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს კუალა ლუმპურისგან გადმოიბარებს. პროექტის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, დაგეგმილია 100-ზე მეტი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული, მასობრივი და საბავშვო პროექტის განხორციელება.
UNESCO World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2002 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა.