საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სამინისტრომ შეიმუშავა საქართველოს თავდაცვის კოდექსის რეფორმა, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმასაც გულისხმობს.
მისი თქმით, რეფორმის შედეგად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იქნება შესაძლებელი, ასევე შემცირდება სავალდებულო სამსახურის ვადები.
“ჩვენ შევიმუშავეთ თავდაცვის კოდექსის ახალი კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს სავალდებულო სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადების შემცირებასა და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს. აღნიშნული ცვლილებების მიზანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის მეტი პოპულარიზაცია და ერთიანი სტანდარტით გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვის შექმნა”, — განაცხადა თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ნეტგაზეთმა აპრილის თვეში გაავრცელა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მიერ პარლამენტარ ირაკლი ბერაიასთვის 16 აპრილს გაგზავნილი წერილი, საიდანაც ირკვევოდა, რომ თავდაცვის ძალებში მიმდინარეობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმირების პროცესი.
თავდაცვის სამინისტრომ ნეტგაზეთს 27 აპრილს განუცხადა, რომ თავდაცვის ახალი კოდექსის დამტკიცება “წელს, უახლოეს მომავალში იგეგმებოდა”.
თავდაცვის ახალი კოდექსი საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.