„სულ მალე, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ კომპლექსის მობინადრეებს სრულფასოვანი და ჯანსაღი ცხოვრების, სწავლის, დასვენებისა და გართობის ყველა საშუალება ექნებათ“, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ ახალი პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, ინვესტორის მხრიდან გამოჩენილი ასეთი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან დასაფასებელი და მისაბაძია.
„200 მილიონი დოლარის ინვესტიცია, 100-მდე ქვეკონტრაქტორი კომპანიისა და ათასობით ჩვენი მოქალაქის დასაქმება – ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტი, რომელიც ჩვენს დედაქალაქს შეემატება. როგორც ჩვენ ინვესტორისგან მოვისმინეთ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკოლოგიასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე. „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ გახდება მისაბაძი პროექტი, რომელიც ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს ჩვენს დედაქალაქში. ასევე, პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას. სულ მალე, კომპლექსის მობინადრეებს სრულფასოვანი და ჯანსაღი ცხოვრების, სწავლის, დასვენებისა და გართობის ყველა საშუალება ექნებათ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი პოზიტიურად იმოქმედებს ქვეყნის ზოგად საინვესტიციო გარემოზე, გაზრდის გარეინვესტორების ინტერესს, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. ასეთი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, მთელ მსოფლიოსთან ერთად, პანდემიას ებრძვის და ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გზებს ეძებს “, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
