„ნაციონალური მოძრაობა“ თუ შემოვა პარლამენტში, კარგი იქნება, რადგან ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა მაგალითად, შევქმნათ საგამოძიებო კომისიები სხვადასხვა საკითხზე. დღეს მიმდინარეობს ამნისტიის კანონპროექტის განხილვა და იცით, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას 19-21 ივნისის მოვლენების გამოძიების მიზნით, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს იტყვის პარლამენტში შესვლაზე, ეს მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ცვლის.
„ამას ჩვენ ვერ მოვახერხებთ იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაცია არ იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, რადგან საკმარისი ხმები ამისთვის ოპოზიციას დღეს არ აქვს. თუ ისინი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ამაზე უარს იტყვიან, ეს არ ცვლის ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგს პარლამენტში, რაც მიშელის გეგმის სწრაფი განხორციელების უზრუნველყოფაა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
