აქამდე ვიცოდით, რომ ქართველი თუ არა იძულებით, დევნით თუ გადასახლებით არ ტოვებდა სამშობლოს, დღეს კი მთელს მსოფლიოზე გაიშალა ემიგრაცია. ეს იწვევს დიდი ცვლილებებს, როგორც ქართული ოჯახის სტრუქტურასა და ტრადიციაში, ასევე მსოფლმხედველობის ცვლილებასაც იწვევს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, საქართველოს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენი დიასპორის წევრებს უფლება უნდა მივანიჭოთ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში.
„მსოფლიოში გაბნეული ქართველები საზოგადოების ყველა სექტორში მოღვაწეობენ, ისინი აკადემიკოსები და სტუდენტები, მომღერლები და კომპოზიტორები, მწერლები და მხატვრები, პოლიციის ოფიცრები, პოლიტიკოსები, ფერმერები და ბიზნესმენები, თუ მუშები, ისინი ჩვენი ქვეყნის ელჩები არიან. ისინი ასევე წარმოადგენენ ქვეყნის განვითარების უზარმაზარ პოტენციალს, თუკი შევძლებთ და ჩავრთავთ მათ ჩვენს ცხოვრებაში როგორც აქტიურ ნაწილს.
ჩვენი დიასპორის წევრებს უფლება უნდა მივანიჭოთ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში, რაშიც მათ მხარდაჭერა ჩვენგან სჭირდებათ. დიასპორის დღეს მთელს ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ გაერთიანდნენ ამ იდეის ირგვლივ, რომ პარლამენტში ჩვენმა დიასპორამ მოიპოვოს საკუთარი ხმა და საკუთარი ინტერესების წარმოჩენის უფლება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.