შექმნილ ვითარებაში მთელს პასუხისმგებლობას ვაკისრებ კელი დეგნანს, რომელიც გადაიქცა რუსი ოლიგარქის დავალებათა შემსრულებლად პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლისთვის, რათა აიძულოს ისინი, შევიდნენ პარლამენტში და ამით გადარჩეს პროპუტინისტური რეჟიმი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია პარლამენტში არავითარ შემთხვევაში არ შევა.
„ამ ქალბატონმა კეთილი ინებოს და როგორც პარტიები აიძულა შესულიყვნენ ამ დანაშაულებრივ პარლამენტში, ასევე აიძულოს თავისი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი სანქციების მუქარით, რომ ეს კანონპროექტი შუბლზე გაიწეროს. სხვა შემთხვევაში, მთელს მსოფლიოს ფეხზე დავაყენებთ. ჩვენ ამ პარლამენტში შესვლას, მის გათეთრებასა და გალეგიტიმურებას არ ვაპირებთ. ყველა რომ დაგვიჭირონ, იმ შემთხვევაშიც კი. ამიტომ, აზრი არ აქვს იმის გაკეთებას, რასაც აპირებენ. ამ პროვოკაციების მსხვერპლი თვითონ გახდებიან“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
კითხვაზე, თუ რაზე დაყრდნობით საუბრობს ნათელაშვილი კელი დეგნანთან დაკავშირებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ელჩი ექვსი თვე „აძალებდა პარლამენტში შესვლას“.
„ამ კანონპროექტზე ხმაური ადრევე იყო ატეხილი. ეს დაწერეს, რომ პარტიები აეძულებინათ, შესულიყვნენ პარლამენტში, შემდგომ გადაიგზავნა ვენეციის კომისიაში ექსპერტიზისთვის. მოვიდა დასკვნა, გვითხრეს, რომ არაფერ შუაშია პარტიის მიერ ბარიერის გადალახვა და შესაბამისი კვალიფიციური სტატუსი იმასთან, შევა თუ არა პარტია პარლამენტში. ჩვენ საპარლამენტო დაფინანსებას არ ვიღებთ, ხელფასს არ ვიღებთ, მეტი რა გავაკეთოთ, მობილურის ფულს არ ვიღებთ, საწვავს არ ვიღებთ, ოთახს არ ვიღებ, ფეხს არ ვდგამ, რაღა უნდათ. თუ მამაცხონებულები უჩემოდ ვერ გაძლებდნენ, მაშინ ასე კი არ უნდა გაეყალბებინათ არჩევნები, ოდნავ პატიოსნად უნდა გაეყალბებინათ, რომ ფრაქცია მაინც ჰყოლოდა იმ პარტიას, რომელსაც რეიტინგში ვერავინ უსწრებს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, თუ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მიიღებენ, ამას შეეწირება კელი დეგნანის კარიერა.