ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს შეთანხმებას.
„ჩვენ კვლავ გვაქვს იმედი, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებას ხელს მოაწერს. ძალიან კარგია, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში და არიან სამუშაო პროცესის ნაწილი. ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან და მიანიშნებდა იმაზე, რომ მათ ხალხის ინტერესები წინა ადგილზე დააყენეს. შემდეგ კვირაში არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, როდესაც უნდა ინიცირდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რადგან ეს განსაზღვრულია 19 აპრილის შეთანხმებაში. თუ ინიცირების სამუშაო პროცესი არ დაიწყება, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს პოლიტიკური ნების არარსებობაზე, რომ შესრულდეს ის შეთანხმება, რომელიც ერთობლივი მუშაობით მიიღწა. ამ შეთანხმებას მიაღწიეს პოლიტიკურმა ლიდერებმა. მათთვის ეს თავზე არავის მოუხვევია. მათ თავიანთი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს ამ შეთანხმებას და მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს ყველა ის რეფორმა, რომელიც განსაზღვრულია ამ შეთანხმებაში და საქართველოს დემოკრატიას გააძლიერებს“, – აღნიშნავს დიპლომატი.
19 აპრილს მხარეებმა, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით, შეთანხმებას მიაღწიეს და შესაბამის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.