საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყურადღებით აკვირდებოდა და აკვირდება წინასაარჩევნო პერიოდსა და კენჭისყრის დღეს. სამწუხაროა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებმაც ვერ ჩაიარა ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის გარეშე. ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე ტელეკომპანიების “რუსთავი 2-ის”,
„იბერიის” და „GDS-ის” წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურა დაუზიანეს. მარნეულში 48-ე საარჩევნო უბანზე ტელეკომპანია “იმედის” კამერა დაზიანდა. მომხდარზე გამოძიება არ დასრულებულა, შესაბამისად კვლავაც არ დასჯილან დამნაშავე პირები. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოებისთვის ასევე უცნობია თუ ვინ მიაყენა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა კორცხელში, 22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს მომხდარი დაპირისპირებისას. თითოეული ასეთი ფაქტის გამოუძიებლობამ და დამნაშავეთა დაუსჯელობამ შესაძლოა წაახალისოს საზოგადოებაში სხვა მსგავსი ინციდენტები. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს დროულად გამოიძიონ თითოეული ფაქტი, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს ინფორმაცია დამნაშავეთა პასუხისმგებლობის შესახებ, რათა ყველამ იცოდეს, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლა დაუშვებელია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კენჭისყრის დღეს, 8 ოქტომბერს, გარდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფებისა, არაერთ ჟურნალისტს შეექმნა პრობლემა უშუალოდ საარჩევნო უბანზე მუშაობისას, რაც გამოწვეული იყო ძირითადად იმით, რომ საარჩევნო კომისიის წევრებს არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია მედიის წარმომადგენელთა უფლებების შესახებ.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია არჩევნების მეორე ტურის წინ საარჩევნო პროცესთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულმა ყველა პირმა კარგად გაიაზროს ის უდიდესი როლი, რაც აკისრია მედიას არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარების პროცესში და ხელი შეუწყოს მათ თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
2016/10/23 15:55:00
კომენტარები
ნანახია: 1441 ჯერ