ჩვენ უნდა ვიდაოთ ეკონომიკურ ზრდაზე, უნდა ვიდაოთ, აბა, რომელი ჯობია, უფრო უკეთესი ეკონომიკური სტიმულირება, მხარდამჭერი პროგრამები, მათ შორის სოფლის მეურნეობაში, რომელიც დღეს გაცხადდა, იგივე აგროკრედიტის მიმართულებით, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა ამომწურავად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც 2020 წელს ჰქონდა საქართველოს პანდემიიდან გამომდინარე. ეს იყო უმუშევრობა, მაღალი ინფლაცია, ბიუჯეტის დეფიციტი. საკმაოდ არგუმენტირებულად ისაუბრა. ამავე დროს ისაუბრა იმაზეც, თუ რა გამოსავალი გვაქვს. ისაუბრა, მიმდინარე წელს როგორი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს, მათ შორის, აპრილი-მაისის თვეში. როგორ შეიძლება, რომ დასაქმების ნაწილში უფრო უკეთესი პროექტები განვახორციელოთ. ისაუბრა იმავე სოფლის მეურნეობაში რომ იგეგმება მთელი რიგი პროექტების განხორციელება, რომლებიც ჩვენს მეწარმეებს, ჩვენს ადამიანებს სოფლად გვერდში დაუდგება“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.