საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა წვრთნებისა და განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ ახლად აშენებული სასადილო გახსნეს და სიმბოლურად წითელი ლენტი გაჭრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ახალი სასადილოს ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ივახშმეს.
ახალი სასადილო თანამედროვე სტანდარტებით არის აშენებული და ერთდროულად 400-ზე მეტი სამხედროს მიღება შეუძლია. ახალი სასადილო აღჭურვილია თანამედროვე სამზარეულო ტექნიკით, სადაც დამონტაჟებულია კონდიცირებისა და ვენტილაციის უახლესი სისტემები, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია.
ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება.
ამისთვის 2020 წელს გამოიყო 100 მილიონი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 4-ჯერ მეტი მოცულობის თანხა იყო და დაახლოებით 250-მდე ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა. წელს ეს პოლიტიკა გრძელდება და ინფრასტრუქტურის გამართვასა და მშენებლობაზე 80 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ თანხებით 100-მდე ობიექტის მშენებლობა და რეაბილიტაცია იგეგმება.