პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი და პარლამენტარი – ანა ბუჩუკური არჩევნებამდე ქვეყნის მშვიდობიანად მიყვანის აუცილებლობაზე საუბრობს.
,,ორთვენახევარში ქვეყანაში ტარდება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელიც თავისი არსით ფაქტობრივად უტოლდება რეფერენდუმს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორმე მოვახერხოთ და ქვეყანა მშვიდობით მივიყვანოთ ოქტომბრამდე და მერე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ძალიან ადეკვატურ პასუხს გასცემს და ღირსეულ არჩევანს და შეფასებას გაუკეთებს მიმდინარე პროცესებს -რაც დღეს ხდება ქვეყანაში, რაც ხდება მოსამართლეებზე, რაც მოხდა 5 ივლისს – რაც ხდება, სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლასთან დაკავშირებით – როცა ისინი ელემენტარულ საბაზისო ფუნქციებსაც ვერ ასრულებენ.“ – ამბობს ბუჩუკური.
რაც შეეხება მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებას, ამას პარტია ,,საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ,,სპეკულაციას“ უწოდებს, რადგან ოპოზიციას ამისთვის საჭირო საპარლამენტო ხმები არ აქვს.
„საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოში მოქმედებებს ე.წ. უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმი. აუცილებელია მოხდეს ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება რასაც სჭირდება 76 დეპუტატი – 76 დეპუტატი ჯამში ყველას ერთად არ გვყავს ოპოზიციას – შესაბამისად, დღეს რაღაც საკითხზე საუბარი რომელიც წინასწარ ვიცით რომ უბრალოდ შედეგს არ მოგვიტანს – იქნება რაღაც სპეკულაციების დამატებითი საკითხი – ამ პროცესში უბრალოდ მონაწილეობას არ მივიღებთ“.
რაც შეეხება მთავრობისათვის უნდობლობის გამოსაცხადებლად საჭირო ხმების დანაკლისის ოცნების დეპუტატების მიერ დაბალანსებას, ბუჩუკური ამას რთულად წარმოსადგენს უწოდებს.
„ქართულ ოცნებაში დღემდე არიან დარჩენილი ღირსეული ადამიანები რომლებისთვისაც მიუღებელია თუნდაც ის პროცესები, რაც მოსამართლეებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. მაგრამ ობიექტურები რომ ვიყოთ, რთულად წარმოსადგენია ქართული ოცნების დეპუტატებმა მონაწილეობა მიიღოს მთავრობის უნდობლობის პროცესში.’’ – ამბობს პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი – ანა ბუჩუკური.