„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელი სისტემა შექმნა, რომელშიც ადამიანების წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
„ეს იყო დიდი სისტემის ნაწილი – როგორ დაემორჩილებინათ მთელი საზოგადოება. მაგრამ მერე ისე შევიდნენ ეშხში, რომ წამება გახდა ყოველდღიური. უბრალოდ ყველა ადამიანს პრაქტიკულად ყოველდღიურად სცემდნენ“, – აცხადებს სუბარი.
მისი თქმით, იმისთვის, რომ ნაწამებ პატიმრებს ციხეებში არეულობა არ შეექმნათ, მათ ფსიქოტროპულ პრეპარატებს აძლევდნენ.
„დაახლოებით 24 ათასი პატიმარი, აბსოლუტურად ყველა იყო ნაწამები და იმისთვის, რომ ამ ნაწამებ პატიმრებს, რომლებიც გაუსაძლისი ტკივილისგან იტანჯებოდნენ, არ მოეწყოთ არეულობა, შეიმუშავეს არანაკლებ საშინელი სისტემა – თითოეულ მათგანს აძლევდნენ უკონტროლო რაოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. მთლიანობაში ამ სისტემის არქიტექტორი და ყველაზე მთავარი შემოქმედი იყო ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც შექმნა ერთიანი სისტემა პროკურატურა-სასამართლოსი, სადაც ყველამ იცოდა, რომ ადამიანი სამართალს ვერ იპოვიდა. ციხე, პოლიცია – ყველაფერი იყო ამის შემადგენელი ნაწილი“, – აცხადებს სუბარი.