მზად ვარ დავიკავო ჩვენი გმირი ექიმების გვერდით ადგილი, ისევ ჩავიცვა თეთრი ხალათი და მათთან ერთად დავდგე ამ ურთულეს ბრძოლაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სექტორი არსებული ეპიდვითარების გამო მძიმე მდგომარეობაშია.
„ყველანი ერთად ვებრძვით უხილავ მტერს, COVID-19-ს. მაშინ როდესაც 30-ობით ოჯახი დღეს კარგავს თავის დედას, თავის მამას, თავის დას, თავის ძმას, თავის შვილს, არ შეიძლება დავრჩეთ გულგრილები და არ შეიძლება ჩვენთვის არ იყოს მნიშვნელოვანი ის რეკომენდაციები, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმეორებთ. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ მაინც გვიწევს დღეს დავაკვირდეთ იმ ხალხმრავალ შეკრებებს, რომლებისგანაც თავს ვერ ვიკავებთ, იმ სოციალურ ღონისძიებებს, რომლებსაც ვერ ვთმობთ. სწორედ ამის გამო, ჯანდაცვის სექტორი არის დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მანამდე ტიკარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ მზად არის კვლავ ჩაიცვას თეთრი ხალათი და ექიმებთან ერთად იბრძოლოს.