საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები უკვე ჩაერთო, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თავდაცვის სამინისტრომ უკვე გამოყო გარკვეული რესურსები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესის მხარდასაჭერად.
„ამ ეტაპზე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თავდაცვის სამინისტროსგან ასეულობით საწოლი გადაეცა, რომლებიც განთავსებულია ორ ლოკაციაზე: დიღომსა და სამგორში. ასევე, თავდაცვის სამინისტრო გამოხატავს მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, სსსტც „დელტას“ ბაზაზე ყოველთვიურად ათასამდე დამატებით საწოლი დაამზადოს და ჯანდაცვის სამინისტროს გადასცეს.
ამას გარდა, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილია მობილური სამხედრო- სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც შესაბამისი საჭიროების მიხედვით ჩაერთვებიან პროცესებში. აღნიშნული ჯგუფები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ხელმისაწვდომი გახადონ ვაქცინაციის პროცესი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ ისარგებლონ არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.