არჩევნების მეორე ტურის შედეგებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“გუშინდელი მეორე ტური ჩატარდა ზუსტად ისე, როგორც ვვარაუდობდი და ყველას ვაფრთხილებდი – ტოტალური გაყალბებით. უცხოელი დამკვირვებლების არყოფნის პირობებში, ივანიშვილმა ფული აღარ დახარჯა “კარუსელების” ტრიალზეც კი და უმეტეს ადგილას უბრალოდ დახატა ციფრები.
ასეთი თავხედური და მასშტაბური გაყალბება შევარდნაძეს არც დასიზმრებია. კიდევ ერთხელ მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა ჩვენ აქტივისტს და იმ ამომრჩეველს, რომელიც მოვიდა და მხარი დაგვიჭირა არჩევნებზე. ჩვენ უნდა გავმართოთ ღია დისკუსია არა იმაზე, თუ როგორ “წავაგეთ” არჩევნები, არამედ იმაზე, თუ როგორ ვერ აღვუდექით წინ, ივანიშვილის მიერ არჩევნების ინსტიტუტის გაუქმებას.
მე ხელისუფლება მშვიდობიანად გადავაბარე 2012 წელს, გადავაბარე ადამიანს, რომელიც თავიდანვე ნათელი იყო , რომ არჩევნებით წასვლას არ აპირებს. და მაინც გადავაბარე, იმიტომ რომ ასეთი იყო ქართველი ხალხის ნება. ივანიშვილს მაინც მოუხდება წასვლა, რადგან, ასეთი იქნება ქართველი ხალხის ნება. ჩვენი, როგორც პოლიტიკოსების ფუნქციაა, ხელი შევუწყოთ ჩვენი ხალხის ნების აღსრულებას მშვიდობიანი და საქართველოსთვის მინიმალური დანაკარგების გზით.
2003 წელს, ჩვენ ვემზადებოდით ხელისუფლების მიერ მასობრივი გაყალბებისთვის და ამიტომ შევძელით მობილიზება, ახლა კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ივანიშვილის პირობებში ყველა შემდგომი არჩევნები გაყალბდება და გამოსავალი არა ხელების ჩამოშვება, არამედ ამ გაყალბებებზე რეაგირება და აფერისტულ – დანაშაულებრივი რეჟიმის საპირისპიროდ ყოველდღიური წინააღმდეგობების ორგანიზებაა. გვეყო თავზე ნაცრის ყრა, ახლა გადაჯგუფება და აქტიური ბრძოლის დაწყებაა საჭირო!” _ წერს საააკაშვილი.