საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციის წევრები წეროვანში მდებარე საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ.
კონგრესმენებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.
სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს და მის სარეაბილიტაციო შესაძლებლობებს გაეცნენ.
კონგრესმენის დასავლეთ ვირჯინიის შტატიდან ალექს ქსავიერ მუნის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ძალიან ახლო მეგობრობა აკავშირებთ.
მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს მხარდამჭერ აქტს, რაც კონგრესის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას წარმოადგენს და ამით მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, დემოკრატიასა და თავისუფლებას.
„რა თქმა უნდა, ვგმობთ რუსეთიდან მომდინარე აგრესიას. დღეს აქ ვიმყოფები, რათა მადლობა გადავუხადო ქართველ სამხედროებს, რომლებიც წლების განმავლობაში ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ იბრძოდნენ ავღანეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ჩვენ ერთად ვებრძვით ტერორიზმს. მადლობა ქართველ მებრძოლებს და მადლობა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობისთვის“, – განაცხადა კონგრესმენმა.
ამასთან, კონგრესმენ კეროლ დევინ მილერის განცხადებით, მისთვის პატივია, რომ წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის მონახულების შესაძლებლობა მიეცა.
„ჩემთვის პატივია, რომ მომეცა ამ დაწესებულების მონახულების შესაძლებლობა, რომელიც უკვე დასრულებულია და მენახა, რამდენად მნიშვნელოვანია ის ყველაფერი, რაც საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი მუშაობით შექმნეს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.
ეს არის ჩვენი ურთიერთობა, რომელიც დემოკრატიის ფარგლებში ვითარდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქ, რეაბილიტაციის ცენტრში დაჭრილ სამხედროებთან შეხვედრა არაჩვეულებრივი იყო. მადლობა მათ“, – აღნიშნა კონგრესმენმა.
დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრი ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით აშენდა.
ქართულმა მხარემ აშშ-ის წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი კონგრესმენები საოკუპაციო ხაზთან უკვე იმყოფებოდნენ. აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები: ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). აღსანიშნავია, რომ კონგრესმენები ასევე წარმოადგენენ კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორები არიან.