რა თქმა უნდა, გარკვეული ვადის შემდეგ საკონსტიტუციო საკითხებზე საუბარი იქნება, მაგრამ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, რომელზეც აქტიურად საუბრობენ, პირველი რიგის საკითხი არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ქვეყანაში ძალიან ბევრი პრიორიტეტული საკითხია, რომელიც სწრაფად გადაწყვეტას საჭიროებს. ჩვენ მოსახლეობისგან საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების უფლება მოვიპოვეთ და ამის რესურსი გვაქვს, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილების მორალური ლეგიტიმაციაც მაღალი უნდა იყოს და საქართველოს პარლამენტმა თითოეული გადაწყვეტილება ფართო კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღოს. საკონსტიტუციო კომისია განიხილავს, გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ არ უნდა განმეორდეს მაგალითად, 2010 წელი, როცა ვიწრო პარტიულ ინტერესებზე, ერთ კაცზე მორგებული კონსტიტუცია მივიღეთ. კონსტიტუციაზე აწყობილმა სისტემებმა გამართული მუშაობით უნდა შეძლოს ის, რომ დემოკრატია და განვითარება პერსონებზე დამოკიდებული აღარასოდეს აღარ იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობაა, რათა ქვეყანა სწრაფი განვითარების გზით წავიდეს.
„ქართულმა საზოგადოებამ მკაფიოდ თქვა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართული ოცნების“ ხელში საფრთხე არ არის და მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობაა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, სლოგანი რეალობად ვაქციოთ და 4 წლის თავზე ყველამ თქვას, რომ ჩვენ სწრაფი განვითარება შევძელით და კეთილდღეობამ თითოეულ ოჯახში შეაღწია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა.
მამუკა მდინარაძემ სამართლიანობის აღდგენის პროცესთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„სამართლიანობის აღდგენის პროცესის დინამიკა შესაძლოა, დამაკმაყოფილებელი არ იყო. თუმცა, ეს პროცესი დაწყებულია. მთავარ პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტია შექმნილი, რომელიც საკმაოდ წარმატებულია. ბოლო დროს ვამჩნევთ, რომ ეს დეპარტამენტი ქონების დაბრუნების ნაწილში ძალიან წარმატებით მუშაობს. დეპარტამენტში საკმარისი კადრები არ არის და თუ კადრების რაოდენობის გაზრდაზე იქნება საუბარი, ამას სიამოვნებით დავეთანხმები“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, დემოკრატიის ხარისხი ის აუცილებელი პირობაა, რაც ეკონომიკის განვითარებაზე პირდაპირ მოქმედებს.
დემოკრატიის ხარისხი ის აუცილებელი პირობაა, რაც ეკონომიკის განვითარებაზე პირდაპირ მოქმედებს. თუ ადამიანის უფლებები, ბიზნესის თავისუფლება და ის მთავარი მიღწევები, რისი მოპოვებაც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო არ შევინარჩუნეთ და განვამტკიცეთ, ქვეყანა ვერ განვითარდება. რაც შეეხება კოჰაბიტაციას, ამას ბოლო არჩევნებმა წერტილი დაუსვა. ეს შეკვეთა „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებამ მისცა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.