ვინ ჩაიბარებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვინ შეცვლის მიხეილ სააკაშვილს, ამის თაობაზე ნაციონალები ჯერჯერობით ღიად არ საუბრობენ და პოლიტსაბჭოს სხდომას ელოდებიან, მაგრამ პოლიტიკურ კულუარებში სავარაუდო კანდიდატები სახელდებიან.
როგორც for.ge-ს პოლიტიკურ კულუარებში განუცხადეს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე შესაძლოა, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი გახდეს.
წყაროს ცნობით, სააკაშვილის პარტიაზე ბერკეტების შენარჩუნების მიზნით, პარტიის ხელმძღვანელის პოსტის ჩაბარება რულოვსისთვის სურს, რისი წინააღმდეგიც შესაძლოა, გიგა ბოკერიას ე.წ. ფრთა წავიდეს.
პარტიის ხელმძღვანელად რულოვსის დანიშვნას ნაციონალი გიორგი თევდორაძე არ გამორიცხავს და for.ge-სთან საუბარში ყურადღებას პარტიის ახალი ხელმძღვანელობის არჩევაზე ამახვილებს.
თევდორაძის განცხადებით, ქვეყნის კანონმდებლობით და იმ სამწუხარო რეალობით, რომელიც შექმნილია, არ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარე იყოს, რადგან ის უკრაინაში საქმიანობს.
„გამოწვევების და იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც 2016 წლის არჩევნების შემდეგ იქნა, „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ქმედითი, მობილური და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების რეჟიმში უნდა გადავიდეს. თავმჯდომარის არჩევა გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეს, მოქნილობასა და მობილურობას შეუწყობს ხელს. თუკი ეს ასე მოხდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის შიგნით სააკაშვილის როლი და წონა შემცირდება. აბსოლუტურად შეთავსებადია, რომ პარტიას ახალი თავმჯდომარე ჰყავდეს და ამავდროულად, სააკაშვილი პარტიის სიცოცხლისუნარიანობაში და ქმედუნარიანობაში მონაწილეობდეს“, – აცხადებს დეპუტატი.
წყარო: for.ge